გამოშვების თარიღი:
20 დეკემბერი, 2016
ხმის რეჟისორი:
ილია ჯღარკავა
დიზაინერი:
დავით ჯამრიშვილი
რედაქტორი:
ნინო კალანდაძე-მახარაძე
მთარგმნელი:
მარინა კაგანოვა

ქართული ხალხური სიმღერები


მგალობელ-მომღერალთა გუნდ „ადილეის“ პირველი მოსმენისთანავე ცხადი ხდება, რომ საქმე გვაქვს ხალასი ნიჭით დაჯიდოვებული ახალგაზრდების ჯგუფთან. მათი ნამღერი, სასიმღერო ოსტატობასა და დახვეწილ გემოვნებასთან ერთად, დიდი სიყვარულით, ურთიერთმეგობრობით, სიცოცხლის ხალისის მატარებელი უშრეტი ენერგიით არის გაჯერებული.

რამდენიმე წლის წინ შექმნილი ეს ფოლკლორული გუნდი ახალი თაობის ერთ-ერთ ყველაზე სახოვან, საკუთარი ხელწერის მქონე, მზარდად განვითარებად ანსამბლად უნდა ჩაითვალოს. საოცარი მუხტი, კეთილი განწყობა, რომელიც მათი სიმღერისას იქმნება, ყოველთვის გადამდებად მოქმედებს მსმენელზე.

მათ საშემსრულებლო შემოქმედებაში ერთ-ერთ მთავარ ნიშნად იმპროვიზაციის უნარი, ამის გაბედულება უნდა დავასახელოთ. ქართული ხალხური მუსიკისათვის და საშემსრულებლო ტრადიციისათვის დამახასიათებელი ეს უმნიშვნელოვანესი ელემენტი, რისი ოსტატობითაც გამოირჩეოდნენ ძველი დიდი სახალხო მომღერლები, თითქოს იღვიძებს და ახალ სიცოცხლეს, ახალგაზრდულ იერს იძენს გუნდ „ადილეის“ ნამღერში. გუნდის სახელწოდებაც მიმანიშნებელია, რომ მის რეპერტუარში განსაკუთრებული ადგილი უკავია გურულ ხალხურ სიმღერას, რომელშიც იმპროვიზირების ხელოვნება ისტორიულად უმაღლეს რანგში არის აყვანილი. მით უფრო დასაფასებელია ახალგაზრდა მომღერალთა გაბედული და წარმატებული ცდები ამ სფეროში.
წინაპართა მუსიკალური მემკვიდრეობის შესწვლა-დაცვაში სიხარულის განცდა „ადილეის“ წევრთათვის სულიერ საზრდოს წარმოადგენს. ასევე დასაფასებელია უანგარო მზაობა და გულწრფელი სურვილი მსურველთათვის ამ სიხარულის გაზიარებისა, სურვილი ერთად მღერისა, სიმღერაში ურთიერთობით ტკბობისა, რომელიც ასე ჭარბადაა ამ ახალგაზრდებში. „ადილეის“ დახვეწილ საშემსრულებლო ოსტატობასთან ერთად, სწორედ ეს უშუალობა განაპირობებს მეგობართა და თაყვანისმცემელთა რიცხვის მუდმივ ზრდას, როგორც სამშობლოში, ისე უცხოეთში.
ხალხური სიმღერებისგან შედგენილი წინამდებარე აუდიოდისკი, მგალობელ-მომღერალთა გუნდ „ადილეის“ პირველი პუბლიკაციაა, რომელიც ამ მუსიკალური საგანძურის მოყვარულთათვის უდავოდ ძვირფასი საჩუქარია.

დავით შუღლიაშვილი
მუსიკოლოგიის დოქტორი

Adileiქართული ხალხური სიმღერები