ადილეი ევროპალიაზე
მივემგზავრებით ბელგიაში, საერთაშორისო კულტურულ ფესტივალ “ევროპალია-საქართველოზე” კონცერტების გასამართად
წელს პირველად, საქართველო სტუმარი ქვეყნის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას კულტურის საერთაშორისო ფესტივალში „ევროპალია“, რომელიც ბელგიასა და მის მოსაზღვრე ქვეყნებში ტარდება.
1 და 2 ნოემბერს ევროპის მრავალ ქვეყანაში აღინიშნება „ყველა წმინდანის“ ( All Saints’ Day ) და „ყველა სულის“ ( All Souls’ Day ) დღეები. ადგილობრივი მოსახლეობა მოიგონებს გარდაცვლილ ახლობლებს, ყვავილებით მორთავს მათ საფლავებს.
ამ ტრადიციის შთაგონებით შეიქმნა წარმოდგენა, ქართული და ევროპული სამგლოვიარო სიმღერების დიალოგი – „რიტუალი: სიმღერები ჩვენი გარდაცვლილი ახლობლებისთვის.“
იგი გაიმართება ქალაქების – ოსტენდისა და ლუვენის სასაფლაოებზე. წარმოდგენაში დამსწრე საზოგადოებასთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ანსამბლი „ადილეი“, ნაყეური ნინო, სოპრანო ლორე ბინონი და ადგილობრივი ანსამბლი „მეზობლები.“
3 ნოემბერს კი გავმართავთ ქართული ტრადიციული მუსიკის კონცერტს ბრიუსელის თანამედროვე ხელოვნების ცენტრ “ბოზარში”, ქართული ავანგარდის საგამოფენო სივრცეში.